
2017 წლის ივნისში, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვაზე მორატორიუმი გამოცხადდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მორატორიუმის მოქმედების პერიოდში უცხოელები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებას ვერ დაარეგისტრირებენ. ხოლო იმ შემთხვევებზე, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე უკვე ფლობს საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, მორატორიუმის მოქმედება არ ვრცელდება და მიწა მფლობელის საკუთრებაში რჩება.
2017 წლის სექტემბერში მიღებული ახალი კონსტიტუციის, მე-19 მუხლში კი ასეთი ჩანაწერი გაჩნდა: „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით“.
მიწის შესახებ კანონ-პროექტის ავტორი აგრარულ საკითხთა კომიტეტია და დოკუმენტის 90% უკვე დაწერილია. აღნიშნული კანონ-პროექტი პარლამენტს განსახილველად, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს წარედგინება.
როგორც ცნობილი გახდა, უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეიძენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, ხოლო უცხო ქვეყნის ფიზიკური პირის მონაწილეობით შექმნილ იურიდიულ კომპანიებს მიწის შეძენის შემთხვევაში კონკრეტულად გაწერილი საინვესტიციო ვალდებულებების აღება მოუწევთ.
კანონ-პროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანიაში არარეზიდენტის წილი 49%-ია და 51%-ს ქართველი ფლობს, მიწის გასხვისება სტანდარტულად მოხდება, საინვესტიციო ვალდებულების ჩადებით. ხოლო თუ კომპანიაში უცხოელი ფლობს 51%-ს და მეტს, ამ შემთხვევაში, გასხვისება მთავრობის დისკრეციით მოხდება ანუ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა და ამ გადაწყვეტილების მიღებისას ინვესტორს, კომპანიას მოუწევს წარმოადგინოს ინფორმაცია, თუ რა სტრატეგიული დანიშნულების პროექტზეა საუბარი, რა მოცულობის ინვესტიციებს ეხება საქმე, რამდენ ადამიანს დაასაქმებენ და ა.შ. ეს ყველაფერი კანონში გაიწერება და თუ ყველა ინსტანცია დადებით დასკვნას, მხოლოდ ამ შემთხვევაში გასხვისდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა